Abstract
<jats:p>აღნიშნული სახელმძღვანელოს გამოცემიდან უკვე რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში ქართული სისხლის სამართლისთვის ევროპულმა სისხლის სამართალმა კიდევ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა, ვინაიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ უფრო ინტენსიური ევროპეიზაციის გზა აირჩია. თვითონ ევროკავშირის ფარგლებშიც პროცესები დინამიურად ვითარდება. გამოვიდა რამდენიმე ახალი დირექტივა, რომლებმაც მანამდე მოქმედი ჩარჩო-გადაწყვეტილებები ჩაანაცვლა. სიახლეებია ინსტიტუციონალური თვალსაზრისითაც. ამის მაგალითია იგივე ევროპული პროკურატურის შექმნისთვის გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, რაც აქამდე მხოლოდ იდეის სახით არსებობდა და ამჯერად გაძლიერებული თანამშრომლობის ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს. მეორე გამოცემაში ასახულ იქნა სისხლის სამართლისათვის მნიშვნელოვანი ყველა ძირითადი სიახლე. ამასთანავე, ნაწილობრივ განახლდა ქართული თუ უცხოენოვანი წყაროები, დაემატა ახალი წყაროები, სასამართლო პრეცედენტები. აღსანიშნავია, პირველ გამოცემასთან შედარებით, კაზუსების მეტი რაოდენობა და თვალსაჩინოებისთვის ტექსტში მათი ცალკე გამოყოფა, რაც მკითხველს მასალის უკეთ გაგებაში შეუწყობს ხელს. სამწუხაროდ, მოცემული ნაშრომი კვლავ რჩება ერთადერთ ქართულენოვან სახელმძღვანელოდ ევროპული სისხლის სამართლის სფეროში, თუმცა, იმედია, ის კვლავ შეუწყობს ხელს მომავალი მკვლევარების დაინტერესებას. ამის მაგალითია, თუნდაც ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული ქართულ-გერმანული პროექტი, რომელიც 2019 წლამდე გაგრძელდება და მთლიანად სისხლის სამართლის პროცესის ინტერნაციონალიზაციისა და ევროპეიზაციის საკითხებს დაეთმობა. პროექტის ფარგლებში ქართველი დოქტორანტები დაამუშავებენ სადოქტორო ნაშრომებს, რომლებშიც ევროკავშირის სამართალი წამყვან როლს შეასრულებს. „ევროპული სისხლის სამართალი ევროკავშირის ფარგლებში“, მეორე გამოცემა, ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის (www.icl.ug.edu.ge) ფარგლებში მომზადდა. ინსტიტუტის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ ევროკავშირის სამართლის ანალიზი წარმოადგენს, რათა ქართული სისხლის სამართალი მაქსიმალურად დაუახლოვდეს მას. მკითხველის მხრიდან გამოხმაურებებს მზად ვართ ვუპასუხოთ ელექტრონულ მისამართზე bachanajishkariani@gmail.com გამოყენებული საკანონმდებლო მასალა გათვალისწინებულია 2018 წლის იანვრის მდგომარეობით.</jats:p>